BEC NEWS
თანამშრომლობა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრთან


10 ნოემბერს, დიპლომატების, საქართველოს პარლამენტის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა უნარ-შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს (BEC) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორმა მაია ყიფშიძემ და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კაციაშვილმა მოაწერეს.

წარმატებით დასრულდა ასევე, დიპლომატიური სასწავლო ცენტრისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის პირველი თანამშრომლობითი სასწავლო პროგრამა თემაზე: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. დასკვნითი ლექცია „დაფუძნება და მომსახურებით ვაჭრობა“ 10 ნოემბერს ჩატარდა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილის ნინო ჯავახაძის მიერ.

ლექციების კურსი განკუთვნილი იყო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის და მოიცავდა სალექციო თემებს: თავისუფალი ვაჭრობის და ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელების; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების (AA); DCFTA-ს იმპლემენტაციის პროცესის, ტარიფების და წარმოშობის წესების; კონკურენციის, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების; სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხების; დაფუძნების და მომსახურებით ვაჭრობის; ინტელექტუალური საკუთრების უფლებების და ენერგეტიკის სფეროში ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების შესახებ.

აღნიშნულ საკითხებზე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მონაწილეებს გაუზიარეს:

-  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) ურთიერთობისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა მარინა მაჭარაშვილმა;
-  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ჩიტაძემ;
-  შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ;
-  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ‘’საქპატენტის’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ;
-  ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ენერგეტიკულ საკითხებში“ (WEG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მურმან მარგველაშვილმა; და
-  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტმა ლია თოდუამ.
Print
[ Back ]