28 იანვარს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა ექსპერტთა შეხვედრა თემაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების იურიდიული მხარეები. მონაწილეებმა წარმოადგინეს კონკრეტული ინიციატივები ლეგალურ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ეხებოდა, როგორც საგადასახადო და ქონების რეგისტრაციასთან არსებულ საკითხებს, ასევე გადაადგილებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობის თემებს, რომელთა საკანონმდებლო დონზე დამუშავება მყარ საფუძველს შექმნის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონფერენციის სტრუქტურული ანალიზი და საორგანიზაციო საკითხები. დადგინდა, რომ კონფერენცია სახელწოდებით “დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობათა დარეგულირების საკითხებზე” გაიმართება მარტის პირველ კვირაში და ღონისძიების ძირითადი თემა იქნება სახელმწიფო სტრატეგიის განხორიციელების მექანიზმებზე მსჯელობა. აღინიშნა, რომ მოხსენებები წინასწარ იქნება განხილული კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს მიერ, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება საბოლოო გეგმა.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები შესაბამისი დამუშავებისა და ღრმა ანალიზის შედეგად წარმოდგენილ იქნება კონფერენციაზე, სადაც მათ საშუალება მიეცემათ ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმში განიხილონ თითოეული ინიციატივა, რომელიც შემდგომში რეალურად შეუწყობს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებას.







