ცენტრის სიახლეები
კლიმატის ცვლილებები – გამოწვევები საქართველოს
12 მარტს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის - დედამიწის მეგობრების სახელით ცენტრის ოფისში გაიმართა შეხვედრა „კლიმატის ცვლილება - გამოწვევა საქართველოს“. შეხვედრის მიზანი იყო კოპენჰაგენის შეთანხმების, ეროვნულ დონეზე განსახორციელებელი ღონისძიებებისა და კიოტოს ოქმის მიხედვით საქართველოში სუფთა განვითარების მექანიზმის პროცედურების განხილვა.

შეხვედრაზე მოწვეული იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ბატონი გიორგი ხაჩიძე, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის დასაწყისშივე აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 15 შეხვედრის ძირითადი შედეგების მიმოხილვა (კოპენჰაგენის შეთანხმება) და ზოგადად კლიმატის ცვლილების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება საზოგადოებისთვის.  შეხვედრაზე ბატონმა გრიგოლ ლაზრიევმა კოპენჰაგენის შეთანხმების ჭრილში საქართველოს ხედვის პრეზენტაცია გააკეთა და ჩამოაყალიბა კლიმატის ცვლილების ძირითადი მიზეზები; ისაუბრა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციაზე; ვალდებულებებზე, რომლებსაც განვითარებული ქვეყნები იღებენ  კონვენციის თანახმად და მიმოიხილა „კიოტოს ოქმი“.

აღინიშნა, რომ კოპენჰაგენის შეთანხმება არის მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრისადმი, შეიქმნა სპეციალური ფონდები, სადაც გამოყოფილი იქნება დახმარებები განვითარებადი ქვეყნებისათვის, ხოლო კონვენციის კონტექსტში საქართველო განიხილება, როგორც განვითარებადი ქვეყანა. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავარობო ორგანიზაციების და აკადემიური ინსტიტუტების გააქტიურება, რომ უფრო მეტი პროექტი და პროგრამა მომზადდეს.

რაც შეეხება კიოტოს ოქმის მიხედვით საქართველოში სუფთა განვითარების მექანიზმს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო არის ამ საკითხზე პასუხიმგებელი ორგანო. მსურველები იღებენ მაღალი დონის კონსულტაციას ყოველგვარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა:
– ძველი ეკოსისტემის ადაპტაციის პროცესი და სატყეო პოლიტიკა;
–  გარემოს დაბინძურება და მისი გავლენა ჯანდაცვის სისტემაზე;
– ინვესტორების ვალდებულებებზე;
– ნაგავსაყრელების პრობლემა;
– ემისიების შემცირების საკითხზე; 

შეხვედრის შედეგად პარლამენტის წევრები გაეცნენ სამინისტროს ხედვას და სამომავლო გეგმებს კოპენჰაგენის შეთანხმებასთან დაკავშირებით, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საპარლამენტო კომიტეტები უახლოეს მომავალში განიხილავენ.

შეხვედრისას გადაწყდა, რომ ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში ჩამოყალიბდეს გარემოს საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომლის მუშაობაში მონაწლებას მიიღებენ დეპუტატები და სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები. აღნიშნული ჯგუფი რეგულარულად შეიკრიბება და  განიხილავს ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს.


ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია
ბეჭდვა