ცენტრის სიახლეები
საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
30 აპრილს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო დეპუტატებისთვის იმ ხარვეზების გაცნობა, რაც არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. ექსპერტებმა ემზარ ჯგერენაიამ და კახა კოხრეიძემ წარმოადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

– საგადასახადო კოდექსში არსებული ორაზროვანი მუხლები
– მცირე და საშუალო ბიზნესის ანგარიშგების საკითხი

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამაშრომლები, ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბატონი ემზარის პრეზენტაცია შეეხებოდა ორაზროვან მუხლებს. აღინიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არის ლიბერალური და ერთ–ერთი საუკეთესო განაკვეთების მხრივ, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს კოდექსზე თანდართული ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს საგადასახადო სისტემას. სასურველია გართულდეს ინსტრუქციის მიღების წესი და იგი პარლამენტმა განიხილოს კოდექსის მსგავსად (გერმანიასა და ჩინეთში არსებობს ანალოგიური სისტემა). 

პრეზენტაციაზე განიხილეს შემდეგ საკითხები:

– ქონების გადასახადის პრობლემა
– მოსაკრებლის და მინიმუმის პრობლემა
– ხარჯების აღრიცხვის საკითხი
– ფასწარმოქმნის საკითხი
– ამორტიზაცია და წარმომადგენლობითი ხარჯები

გარდა ამ ძირითადი საკითხებისა, პრეზენტაციაზე ბატონმა ემზარმა ისაუბრა კანონქვემდებარე აქტების გამოცემაზე. აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს ამ პროცესის რეგლამენტირება და დაზუსტება. ყურადღება გაამახვილა ნორმატიულ აქტებსა და კანონში ცვლილების ძალაში შესვლის ვადაზეც, რომელიც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მეწარმეებს.

მეორე პრეზენტაციის თემას წარმოადგენდა მცირე ბიზნესის ანგარიშგების საკითხი. ბატონმა კახა კოხრეიძემ განმარტა თუ როგორ განისაზღვრება მცირე ბიზნესი, აღნიშნა მცირე გადამხდელთა უარყოფითი მახასიათებლები. ასევე შეეხო შესაბამისობის ღირებულებას, რომელიც ფიქსირებულია და მას უარყოფითი ზეგავლენა აქვს მცირე ბიზნესზე. განმარტა, რომ კარგ საგადასახადო სისტემის მახასიათებლებში გამოიყოფა სამი ძირითადი კომპონენტი: სტაბილურობა, სიმარტივე და ნეიტრალურობა. ჩვენს შემთხვევაში აქედან ყველაზე პრობლემატურია სტაბილურობა, რადგან 2005–2010 წლების განმავლობაში 61 კანონით შეიცვალა 700 მუხლზე მეტი, მაშინ როდესაც კოდექსში მთლიანობაში არის 285 მუხლი.

რაც შეეხება ნეიტრალურობას, ამ მხრივ პრობლემები არ არის, მაგრამ გარკვეული ხარვეზები აქაც არსებობს: ნეიტრალურობა გულისხმობს ორივე მხარის ინტერესთა დაცვას. მაგრამ რადგან ქვეყანაში საგადასახადო კანონმდებლობის კუთხით განათლების დონე არის დაბალი, მცირე და საშუალო მეწარმეები არ არიან დაზღვეულები დაუშვან შეცდომები.

პრეზენტაციის ბოლოს ისაუბრა ფიქსირებული გადასახადის შემოღების საკითხზეც. ექსპერტების აზრით, ეს გახდება ბარიერი კომპანიების გაზრდისა და განვითარებისთვის, მაშინ როდესაც არსებობს სხვა უკეთესი საშუალებები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, მონაწილეებს შორის ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია წარმომადგენლობითი ხარჯებისა და ქონების დაყადაღების საკითხებმა.  

შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ დეპუტატები ექსპერტებთან ერთად უფრო დეტალურად შეისწავლიან აღნიშნულ საკითხებს და შემდეგი შეხვერისთვის მოამზადებენ  კონკრეტულ რეკომენდაციებს, რათა გამოსწორდეს საგადასახადო კოდექსში არსებული ხარვეზები.
ბეჭდვა