ცენტრის სიახლეები
კანონპროექტის განხილვა
2 ნოემბერს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა კანონპროექტის განხილვა „საქართველოს კოდექსი სურსათის/ცხოვეული საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა ცენტრში არსებული საკანონმდებლო პლატფორმის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის შესახებ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრები, ასევე აპარატის თანამშრომლები:

–    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
–    დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი;
–    აგრარულ საკითხთა კომიტეტი;
–    ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი;

კანონპროექტის განხილვაზე ასევე მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები. გამომდინარე იქედან, რომ სამოქალაქო სექტორს გარკვეული შენიშვნები და კომენტარები ჰქონდათ კოდექსთან დაკავშირებით, დისკუსიის მიზანი იყო კანონპროექტის განხილვა და მოსაზრებების გაზიარება პარლამენტის წევრებთან აღნიშნულ დოკუმენტზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასწარ შეიმუშავეს ერთიანი დოკუმენტი კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელშიც იყო კონსოლიდირებული მათ შენიშვნების უმრავლესობა. ძირითადი კომენტარები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:

–    წარმოების შიდა კონტროლის სისტემის დანერგვას;
–    საწარმოებში ინსპექტირების საკითხი;
–    ჯარიმების საკითხი, რადგან მათი რაოდენობის სიმცირემ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს კანონის შესრულება;

გარდა ამ საკითხებისა, საუბარი იყო ასევე ბიოპროდუქტებზე, პროდუქტის ეტიკეტირების პრობლემაზე, არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობის დეტალებზე და რეფერენტული ლაბორატორიების შექმნაზე. შეხვედრაზე თავიანთი მოსაზრებები გააცნეს პარლამენტის წევრებს ევროკომიის წარმომადგენელმა და უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც ამჟამად აკეთებენ კანონმდებლობის ანალიზს სურსათის უვნებლობის კუთხით. მათი მოსაზრებები ძირითადად დაემთხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს. მათი მთავარი რეკომენდაცია იყოკარგად მოხდეს კოდექსის განხილვა, არ არის აუცილებელი მისი დაუყოვნებლივ მიღება, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებობს შესაბამისი კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ. კანონპროექტის ასეთი ფორმით მიღებამ შესაძლოა მომავალში უფრო მეტი პრობლემა შექმნა, ვიდრე ამჟამად ფიქსირდება.

შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ ბიზნესის და ეკონომიკის ცენტრი შეაგროვებს და ერთიან დოკუმენტში გააერთიანებს სამოქალაქო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს, რის შემდეგაც მიაწოდებს მათ პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს.
ბეჭდვა