3 ნოემბერს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები და სხვადასხვა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები; ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო კანონპროექტის განხილვა, მასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება პარლამენტის წევრებთან. კანონპროექტთან დაკავშირებით საკამაოდ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა ქალბატონმა ქეთევან ლაფაჩმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
შეხვედრის დასაწყისში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან ქალაბატონმა ვირჯინი კოსულმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროკავშირის მოსაზრება აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოქმედ კანონთან შედარებით ეს კანონპროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ მიუხედავად ამისა საკმაოდ ბევრი რამ არის შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი. გამომდინარე იქედამ რომ საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ამიტომ არ ითხოვენ ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრას. საუბარია მხოლოდ ძირითად პრინციპებზე.
ქალბატონი ქეთევანის პრეზენტაცია მოიცავდა კონკურენციული სამართლის ძირითადი პრინციპების ახსნას, საქართველოს კანონმდებლობის ზოგად მიმოხილვას კონკურენციის შესახებ, ხოლო შემდგომ განიხილეს უკვე თავად დოკუმენტი. დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა, რომ ექსპერტებს შენიშვნები აქვთ საკამაოდ ბევრ მუხლთან დაკავშირებით, მათ შორის:
- კანონის რეგულირების სფეროსა და კანონის მიზნებთან დაკავშირებით;
- ტერმინთა განმარტებებთან დაკავშირებით;
- კონკურენციის შემზღუდავ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით;
- აღსრულებისა და გასაჩივრების მექანიზმებზე;
გამოითქვა ასევე ზოგადი შენიშვნებიც, მაგალითად ის რომ დასახვეწია კანონპროექტის ენა და სტრუქტურა, გასაუმჯობესებელია ცალკეული მუხლები და ზოგიერთი მუხლი დოკუმენტიდან საერთოდ ამოღებას საჭიროებს, რადგან შესაძლოა აღსრულების პროცესში პრობლემები შეუქმნას როგორც ბიზნესს ასევე კონკურენციის სააგენტოს.
შეხვედრა საკამოდ დინამიურად მიმდინარეობდა, დისკუსიაში ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ ექსპერტები არამედ პარლამენტის წევრები და თანამშრომლები. შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მეშვეობით ორგანიზაციები თავიანთ შენიშვნებს მიაწვდიან პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს.







