22 დეკემბერს, ბიზნესის და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა პროექტის „საკანონმდებლო პლატფორმა სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო ორგანიზაცია „მერსი ქორფსთან“ თანამშრომლობით. ამჯერად შეხვედრაზე განიხილეს ვეტერინარიის თემები, კერძოდ ქვეყანაში არსებული ეპიზოოტური ვითარება და ცხოველთა პასპორტიზაცია/იდენტიფიკაცია.შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები: აგრარულ საკითხთა კომიტეტი, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტი, მაჟორიტარი დეპუტატები სამცხე–ჯავახეთის რეგიონიდა; პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა კაბინეტის წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში – ახალციხე, ასპინძა, ადიგენისა და ახალქალაქი – შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ჩამოყალიბებული ლობი ჯგუფის წევრები.
მოწვეულმა სტუმრებმა და პარლამენტის წარმომადგენლებმა თავდაპირველად განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიზოოტური ვითარება. ექსპერტმა, ბატონმა თენგიზ ყურაშვილმა ისაუბრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვეტერინარიის კუთხით არსებულ პრობლემებზე, დაავადებების კონტროლსა და მათ პრევენციაზე. ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, ბატონმა კობა ძამაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ოფიციალური მონაცემები დაავადებათა კონტორლის კუთხით და მიმოიხილა დეპარტამენტის სამომავლო გეგმები. გარკვეული დისკუსია გაიმართა კანონპროექტის „საქართველოს კოდექსი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“: პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა კაბინეტის წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხი გასცა კანონპროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს.
შეხვედრის მეორე ნაწილში ორგანიზაცია „კავკასიის გენეტიკის“ წარმომადგენლებმა ბატონმა ლევან თორთლაძემ და ბატონმა გიორგი ხატიაშვილმა ისაუბრეს ცხოველთა პასპორტიზაციის თემაზე. აღნიშნული საკითხი მჭიდრო კავშირშია ცხოველთა დაავადებათა კონტროლის სისტემასთან, რადგან პასპორტიზაციის შემთხვევაში დოკუმენტში დეტალური ინფორმაცია იქნება დატანილი პირუტყვის შესახებ. ექსპერტებმა დეპუტატებს გააცნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველთა პასპორტიზაციის აპრობირებული მეთოდები და განიხილეს საქართველოში ამ სისტემის დანერგვის პერსპექტივა.
ლობი ჯგუფის წევრებმა თავიანთი აზრი დააფიქსირეს ორივე საკითხთან დაკავშირებით, ისაუბრეს პირად გამოცდილებაზე და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრის მონაწილეებს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.
ბიზნესის და ეკონომიკის ცენტრი კვლავ აგრძელებს მუშაობას სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე, მათ შორის ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხია ვეტერინარიის თემა, რომლითაც დაინტერესებულნი არიან როგორც პარლამენტის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ფერმერები.







