ცენტრის სიახლეები
ტრენინგი ახალციხის რაიონში ლობი ჯგუფის წარმომადგენლებისათვის
18 იანვარს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა რიგით მეორე გასვლითი ტრენინგი ჩაატარა ქალაქ ახალციხეში თემაზე „ ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში“. ტრენინგის მიზანი იყო სასოფლო–სამეურნეო ლობი ჯგუფის განვითარება და შესაბამისად ძირითად ფოკუს ჯგუფს წარმოადგენდა ახალციხის, ახალქალაქის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბებული ლობი ჯგუფის წევრები. შეხვედრა ორგანიზებული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსთან“ თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგანეტოს ფინანსური დახმარებით.

პროექტის თანახმად, მეორე ტრენინგის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო:

–    ეფექტური კომუნიკაციისა და გამოხატვის ფორმები;
–    საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესის ძირითადი ეტაპები და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებელი მიზეზები;

ტრენინგი წარიმართა კითხვა/პასუხის რეჟიმში, რამდენიმე საკითხზე გაიმართა დისკუსია მონაწილეებს შორის. გარდა თეორიული მასალისა, ლობი ჯგუფის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ სამუშაოებში ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე და პრაქტიკულად განეხორციელებინათ ორი ტრენინგის შედეგად მიღებული თეორიული ცოდნა.

პროექტის თანახმად, შემაჯამებელი შეხვედრა დაგეგმილია თბილისში, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში, რომელიც უნდა გაიმართოს იანვრის ბოლო კვირას. აღნიშნულ შეხვედრაზე, პარლამენტის წევრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანდასწრებით, ლობი ჯგუფის წარმომადგენლები თავად ისაუბრებენ მათთვის და მათი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ბეჭდვა