1. ა) „საკანონმდებლო მონიტორი ბიზნესებისათვის“
ეს სერვისი გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ, მათ შორის ინფორმაციას პარლამენტში განსახილველად შემოსული და ახლო მომავალში შემოსასვლელი კანონპროექტებისა და ინიციატივების, მნიშვნელოვანი საპარლამენტო მოვლენებისა და საკომიტეტო განხილვების შესახებ. პარლამენტის სასესიო პერიოდის ყოველ ოთხშაბათს, გამოვაგზავნით დაიჯესტის ელექტრონულ ვერსიას ინგლისურ და ქართულ ენებზე.
ბ) „ინფორმაციის წყარო“
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი მიაწოდებს ინფორმაციას ბიზნეს ასოციაციებს მათთვის საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა: ინფორმაცია საკომიტეტო განხილვების დროისა და ადგილის შესახებ; კონკრეტულ კანონპროექტზე პასუხისმგებელი პარლამენტის წევრისა თუ კომიტეტის დადგენა; პარლამენტის რეგლამენტის, სხვადასხვა საპარლამენტო სტრუქტურის მანდატისა და პასუხისმგებელი პირის ვინაობის დადგენა; ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის სტატუსისა და კანონპროექტების უახლესი ვერსიების შესახებ თანდართული დოკუმენტებით.
2. ა) მრგვალი მაგიდა
პარლამენტის წევრისა თუ ასოციაციის თხოვნის შემთხვევაში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს შეუძლია მოაწყოს მრგვალი მაგიდა, სადაც დეპუტატებთან ერთად იმსჯელებენ ახლო მომავალში განსახილველ კანონპროექტებზე, ასევე უკვე მიღებული კანონების შესრულებასა და მის შედეგებს. ამ სერვისში შედის ექსპერტთა მოსამზადებელი შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ასოციაციის წარმომადგენლები და პარლამენტის თანამშრომლები. ამ შეხვედრის შემდეგ მომზადდება სტანდარტული ბარათი დეპუტატებისათვის, რომელშიც აღწერილი იქნება საკითხი. BEC დაეხმარება ასოციაციებს განსახილველი საკითხის შესაბამისად მოიწვიონ პარლამენტის წევრები, ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლები. შედეგად, დეპუტატები და ბიზნეს ასოციაციები მიიღებენ შეხვედრის სრულ ანგარიშსა და შედეგებს. თხოვნის შესაბამისად, BEC უზრუნველყოფს შეხვედრის შედეგების პრესით გაშუქებას.
ბ) შეხვედრების ოთახი
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი გთავაზობთ პარლამენტის შენობაში 40 ადამიანისთვის შეხვედრის ოთახს, სადაც ასოციაციაციები შეძლებენ შეხვდნენ პარლამეტის წევრებსა თუ წარმომადგენლებს. ის ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ქსელური აქტივობებისთვის.
გ) „უცხოელ ინვესტორთა საკონსულტაციო საბჭო (FIAC)“
დაახლოებით სამ თვეში ერთხელ ბიზნეს ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პარლამენტის წევრებს შეხვდნენ ღია ფორუმზე. შეხვედრის მიზანი არის საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა უცხოელი ინვესტორებისათვის, კანონმდებლების მხრიდან იმ გარემოს უკეთ შეცნობა, არსებული პრობლემებისა და ბარიერების გამოვლენა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ხვდებათ საქართველოში. მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და შეაფასონ უკვე მიღებული კანონების გატარების პროცესი. საჭიროებისამებრ, ცენტრი უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ექსპერტების მოწვევას.
დ) სხადასხვა ქვეყნის პროგრამა პარლამენტში
ყოველთვიურად ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ოფისში მოეწყობა პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნება საქართველოში წარმოდგენილ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ბიზნესს. BEC პარლამენტარებისათვის მოამზადებს სტანდარტულ ბარათსა და კვლევას, რომელშიც აღწერილი იქნება ამ კონკრეტული ქვეყნის მიერ საქართველოში წარმოდგენილი ბიზნესის ვაჭრობისა და ინვესტიციის დონე; მოეწყობა მცირე გამოფენები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ამ ქვეყნის კომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქტი და სერვისი. პრეზენტაციები მიიღებს რეგულარულ ხასიათს. ასოციაციების თხოვნის შესაბამისად ცენტრი უზრუნველყოფს ამ მოვლენის პრესით გაშუქებას.








