სიახლეები
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა და ასოციაცი „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია

2010 წლის 5  მარტს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავაკასიის“მიერ  საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მხარდაჭერით გაიმართა წარმომადგენლობით კონფერენცია თემაზე: „დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობათა დარეგულირების საკითხებზე“.

კონფერენციაში მონაწილეობდენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, შესაბამისი სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, ასევე წამყვანი არასამთავრობო, ბიზნეს ორგანიზაციები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე დამოუკიდებელი ექსპერტები.

კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა ერთი წლის მანძილზე ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული ანგარიშები შემდეგ საკითხებზე: ადმინისტრაციულ საზღვრებზე გადაადგილების მოწესრიგება, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები მხარეებს შორის და კავკასიური ფაქტორების ანალიზი საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში.

კონფერენციის მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო საქართველოს მთავრობის სტრატეგიის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში განხილვას, ასევე აღნიშნული დოკუმენტის შემდგომი სამოქმედო გეგმის განხორციელების შესაძლებლობებს და მედიის როლს კონფლიქტის საკითხების გაშუქებისას.

კონფერენციაზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კოორდინაცია უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს, მსგავსი ფორმატების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის ეფექტური დიალოგის წარმართვასა და სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

ბეჭდვა