საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის საკითხებზე დიალოგის ფასილიტაცია კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის, რომლის მიზანია საჯარო პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავების გზით საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და შედეგად საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გაუმჯობესება საქართველოში.
ჯგუფის საქმიანობა არ წარმოადგენს საკანონმდებლო პროცესის ფორმალურ ეტაპს, არამედ ემსახურება წინასაკანონმდებლო კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეეთა შორის ეფექტური დიალოგის გზით.
ჯგუფის მოსალოდნელი შედეგები:
• არსებული კანონმდებლობის აღსრულების სიღრმისეული ანალიზი
• რეკომენდაციების შემუშავება საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების ინიცირებას ან არასაკანონმდებლო ხასიათის რეფორმებს (ახალი მიდგომები, პროექტები, ინიციატივები და თანამშრომლობა)
• ბიზნეს-სექტორის ჩართულობა ფისკალური პოლიტიკის შემუშავებაში, რაც მეწარმეების ნდობის, საგადასახადო კულტურის ამაღლებისა და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობას წარმოადგენს
ჯგუფის საქმიანობის მექანიზმი:
• დეპუტატებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი განსაზღვრავს ჯგუფის მიზნებს, პრიორიტეტებსა და სხდომების დღის წესრიგს
• ჯგუფი ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც უძღვება სხდომებს
• ჯგუფის შეხვედრებზე, რომლებიც ჩატარდება თვეში ერთხელ, მოხდება მნიშვნელოვანი საკითხების წარმოდგენა და რეკომენდაციების შემუშავება. ჯგუფი არ წარმოადგენს ხელისუფლების ოფიციალურ ორგანოს, ამიტომ ის ვერ უზრუნველყოფს საბოლოო გაწყვეტილების მიღებას
• ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე არსებული წინადადებებისა და კონცეფციების შეკრებას, მოახდენს საკითხების სისტემატიზაციას
• განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატებისთვის მომზადდება კვლევითი მასალები და ანგარიშები
• რეგულარულად მოხდება ჯგუფის საქმიანობის ანგარიშების საჯაროდ გამოქვეყნება; ინფორმაცია ჯგუფის მიზნების, მონაწილეებისა და საქმიანობის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ვებ–გვერდზე
პროექტის დონორი:
კანადის საელჩოს ადგილობრივი ინიციატივების ფონდი




